ქალაქ აშდოდში მყოფი ბესო წერედიანი ტელეკომპანია ფორმულასთან ყვება, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასის თავდასხმაზე მყისიერად რეაგირებენ. როგორც ის აღნიშნავს, ისრაელი მიჩვეულია რაზას სექტორიდან თავდასხმებს, თუმცა ახლა განსხვავებული სიტუაციაა, რადგან ჰამასის მებრძოლებმა კედელი გაარღვიეს.
"წელიწადში ერთ-ორჯერ ხდება ასეთი რამე, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ისრაელის ტერიტორიაზე შემოვიდნენ ტერორისტები და მოახერხეს სიღრმეში შემოსვლა. ამ მასირებული სარაკეტო იერიშის ფონზე მათ რამდენიმე ადგილას კედლის გარღვევა და შიგნით შემოსვლა შეძლეს", - ყვება წერედიანი.
მისივე თქმით, ყველა შენობას ბომბსაცავი აქვს და რეკომენდაციაა, რომ სირენების ჩართვისთანავე, თავშესაფრებში გადავიდნენ.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტაც დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.
ამავე დროს, ისრაელის თავდაცვაში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორიდან დაახლოებით 2 200 რაკეტა გაუშვეს.
სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ისინი სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში დარბიან და ისვრიან. მოსახლეობა ამბობს, რომ ტერორისტები სახლებში შეჭრას ცდილობს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს".
ისრაელის საგანგებო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, 500-ზე მეტი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.